„პოლიტიკის სკოლის“ შედეგების პრეზენტაცია

სასტუმრო ამბასადორში,  პროექტის "პოლიტიკური პარტიების  განვითარების ხელშეწყობა რეგიონებში, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად" შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

 

 

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო სტატისტიკური და შედეგობრივი ინფორმაცია საქართველოს რვა რეგიონის თვითმმართველ ქალაქში: რუსთავში, ახალციხეში, თელავში, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, გორსა და ქუთაისში მიმდინარე წლის სექტემბერ-ნოემბრის თვეში განხორციელებული პოლიტიკის სკოლების მიმდინარეობის, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ. 

 

შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტში მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებების (როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური) წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგნელები, მედიისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) რეგიონალური კოორდინატორები და ექსპერტები.

 

 

პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს პროექტის განხორციელებით მიღწეული შედეგი და გამოთქვეს სურვილი და მზაობა მომავალშიც მსგავი ტიპის პროექტში მონაწილეობაზე. მათივე შეფასებით საჭიროა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით მსგავსი სასწავლო-საგანმანათლებლო ღონისძიებების გრძელვადიანი განხორციელება მათთვის საინტერესო საკითხებზე, რაც უზრუნველყოფს შიდა პარტიული დემოკრატიის წახალისებას და ხელს შეუწყობს პოლიტიკური პარტიების ეფექტურ და გამართულ მუშაობას, როგორც ქვეყნის დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

 

შეხვედრის დასასრულს პოლიტიკურ გაერთიანებებს გადაეცათ მადლობის სიგელები თანამშრომლობისა და პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის.

 

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარემ ქეთევან ჩაჩავამ მადლობა გადაუხადა ყველა პირსა თუ ორგანიზაციას პროექტში შეტანილი წვლილისათვის და სსიპ "საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს" თანამშრომლობისა და ფინანსური მხარდაჭერისთვის.

 

პროექტი "პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობა რეგიონებში, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად" განხორციელდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ, სსიპ "საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის" ფინანსური მხარდაჭერით, რათა ხელი შეუწყოს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების რეგიონალურ წარმომადგენელთა შესაძლებლობების გრძელვადიან განვითარებას ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების, პოლიტიკური კულტურის დახვეწისა და კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნისათვის.

 

10-12-2015