ტრენინგი "საქართველო და ევროკავშირი" ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელთათვის

2016 წლის 8 - 10 იანვარს, ბორჯომში ‪CDD‬-ს ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ნიდერლანდების სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩოების მხარდაჭერით გაიმართა ტრენინგი "საქართველო და ევროკავშირი".

 

ტრენინგს ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს სკოლების, გიმნაზიების, უნივერსიტეტებისა და სასულიერო სემინარიების სტუდენტ - ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.  

 

ტრენინგი შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა: საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობის ისტორია; ევროკავშირი და მისი ინსტიტუტები; თავისუფალი, უვიზო, მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის; საქართველო - ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება; ასოცირების დღის წესრიგი და ეროვნული სამოქმედო გეგმა. მონაწილეები ასევე გაეცნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაცებს შორის ურთიერთობის საკითხებს.

 

ტრენინგები, სწავლების საერთაშორისოდ აპრობირებული თანამედროვე ინტერაქტიული მეთოდოლოგიის გამოყენებით, წარიმართა მაღალი კვალიფიკაციის მქონე ტრენერ-ექსპერტების მიერ, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ტრენინგების ორგანიზებისა და ჩატარების. პრეზენტაციები არსებულ საკითხებზე გააკეთეს მიხეილ მირზიაშვილმა, ივანე ჩხიკვაძემ, ქეთევან ჩაჩავამ, გიორგი ფარეშიშვილმა და ლაშა მელაძემ. საკითხების უკეთ გასაცნობად ტადებოდა ჯგუფური სავარჯიშოები, სადაც მონაწილეები მიმოიხილავდნენ ცალკეულ საკითხებს და წარმოადგენდნენ საინტერესო პრეზენტაციებს. საკითხებს შორის შუალედში ტარდებოდა სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი თამაშობები.

 

თითოეულ დამსწრე მონაწილეს გადაეცა პროქტის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო-სატრენინგო მასალები: პუბლიკაცია "საქართველო და ევროკავშირი"; საინფორმაციო ბროშურა "სახელმწიფო და რელიგია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში"; CDD-ის ბლოკნოტი; კალენდარი და სხვა. 

 

3 დღიანი ტრენინგის დასრულების შემდგომ მონაწილეებმა მიმოიხილეს და შეაფასეს თითოეული დღე, მათ მიერ ტრენინგზე მიღებული ცოდნა, მათთვის საინტერესო ინფორმაცია და კმაყოფილების შედეგი. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

 

იხილეთ ტრენინგის ამსახველი ფოტო კოლაჟი:  ფოტო1   ფოტო2   ფოტო3

 

10-01-2016