2016 წლის 11 - 13 იანვარს სასტუმრო "ბორჯომ პალასში", CDD-ს ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ნიდერლანდების სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩოების მხარდაჭერით გაიმართა ტრენინგი "საქართველო და ევროკავშირი".
ტრენინგს ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს სკოლების, გიმნაზიების, სასულიერო სემინარიების, სკოლა - პანსიონების წარმომადგენლები და სასულიერო პირები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ტრენინგი შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა: საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობის ისტორია; ევროკავშირი და მისი ინსტიტუტები; თავისუფალი, უვიზო, მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის; საქართველო - ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება; ასოცირების დღის წესრიგი და ეროვნული სამოქმედო გეგმა. მონაწილეები ასევე გაეცნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაცებს შორის ურთიერთობის საკითხებს.
ტრენინგები, სწავლების საერთაშორისოდ აპრობირებული თანამედროვე ინტერაქტიული მეთოდოლოგიის გამოყენებით, წარიმართა მაღალი კვალიფიკაციის მქონე ტრენერ-ექსპერტების მიერ, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ტრენინგების ორგანიზებისა და ჩატარების. პრეზენტაციები არსებულ საკითხებზე გააკეთეს მიხეილ მირზიაშვილმა, ივანე ჩხიკვაძემ, ქეთევან ჩაჩავამ, გიორგი ფარეშიშვილმა და ლაშა მელაძემ. საკითხების უკეთ გასაცნობად ტადებოდა ჯგუფური სავარჯიშოები, სადაც მონაწილეები მიმოიხილავდნენ ცალკეულ საკითხებს და წარმოადგენდნენ საინტერესო პრეზენტაციებს.
თითოეულ დამსწრე მონაწილეს გადაეცა პროქტის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო-სატრენინგო მასალები: პუბლიკაცია "საქართველო და ევროკავშირი"; საინფორმაციო ბროშურა "სახელმწიფო და რელიგია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში"; CDD-ის ბლოკნოტი; კალენდარი და სხვა.
3 დღიანი ტრენინგის დასრულების შემდგომ გაიმართა შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები მიტროპოლიტი იოანე და მიტროპოლიტი გრიგოლი; ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში იოს დაუმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე. მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადეს დამსწრე საზოგადოებას პროექტში მიღებული მონაწილეობისათვის.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოეწყო პროექტის ამსახველი ფოტო-ვიდეო ჩვენება. მონაწილეებმა მიმოიხილეს და შეაფასეს ტრენინგი, მათ მიერ ტრენინგზე მიღებული ცოდნა, მათთვის საინტერესო ინფორმაცია და კმაყოფილების შედეგი. ტრენინგის დასრულების შემდეგ ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა და CDD-ის თავმჯდომარემ მონაწილეებს გადასცა სერთიფიკატები.
იხილეთ ტრენინგის ამსახველი ფოტო კოლაჟი: ფოტო1 ფოტო2 ფოტო3