განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) 2016 წლის 28 იანვრის გარდაბანის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მონიტორინგს ახორციელებს.
CDD-ს სადამკვირვებლო მისია 20 აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება, მათ შორის 4 მობილური ჯგუფი. დამკვირვებლები გადანაწილებული არიან როგორც საუბნო საარჩევნო კომისიებში, ისე საოლქო საარჩევნო კომისიაში. სადამკვირვებლო მისიის წევრები დააკვირდებიან კენჭისყრის დღის პროცედურებს, რაც მოიცავს: უბნის გახსნას, კენჭისყრის პროცესს, უბნის დახურვასა და შედეგების შეჯამებას. მისია ასევე დააკვირდება ვაზიანში განთავსებულ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ N64 საარჩევნო უბანს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნები, საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 9 დეკემბრის N09/12/01 განკარგულების საფუძველზე, გამგებლის გარდაცვალების გამო დაინიშნა.
გარდაბნის N21 საარჩევნო ოლქში სულ 64 საარჩევნო უბანია შექმნილი (1 გამონაკლის შემთხვევაში), სადაც რეგისტრირებულია 71,847 ამომრჩეველი. საარჩევნო ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნაშია რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად. მიმდინარეობს საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის საარჩევნო ბიულეტენების, კონვერტების, ოქმებისა და ყველა სხვა საჭირო მასალის გადაცემა, რომელიც უნდა დასრულდეს 2000 საათამდე. საარჩევნო კომისიის წევრებს გავლილი აქვთ საარჩევნო ტრენინგები.
კენჭისყრის პროცესს დააკვირდებიან როგორც შესაბამისი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები ისე რიგგარეშე არჩევნებისთვის რეგისტრირებული 16 ადგილობრივი, 1 საერთაშორისო და 11 მედია ორგანიზაციიის 800-ზე მეტი დამკვირვებელი.
გამგებლის რიგგარეშე არჩევნებისათვის გარდაბნის N21 საარჩევნო ოლქში რეგისტირებულია გამგებლობის 2 კანდიდატი. ერთმანეთს უპირისპირდება მხოლოდ 2 პოლიტიკური ძალა - ბლოკი "ქართული ოცნება" და ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".
26 იანვრის დილის 8 საათიდან აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრში (CDD) ფუნქციონირებს ცხელი ხაზი (790 333 111), სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს/ორგანიზაციას შეუძლია მოგვაწოდოს ინფორმაცია კენჭისყრის პროცედურებისა და მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების დარღვევების შესახებ. ჩვენი დამკვირვებლები ადგილზე მოახდენენ შესაბამის რეაგირებას. ცხელი ხაზის მეშვეობით ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის შედეგების შესახებ.