საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმ სამხედრო ქვედანაყოფებს ესტუმრნენ, რომელთა სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი 28 იანვარს ხმას სპეციალურ უბანზე მისცემს. მათ შორის იმყოფებოდა "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" თავმჯდომარის მოადგილე მარინა ბენდელიანი.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საარჩევნო უბანზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. მათ შეკითხვებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა უპასუხეს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დისლოცირებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების დიდი და მრავალრიცხოვანი სამხედრო ქვედანაყოფები. სპეციალური საარჩევნო უბანი შექმნილია I საარტილერიო ბრიგადაში, ხოლო, ალგეთში დისლოცირებული "ეროვნულ სასწავლო ცენტრს კრწანისისა" და ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სამხედრო მოსამსახურეები ხმას ახლომდებარე საარჩევნო უბანზე მისცემენ.
აღნიშნული ქვედანაყოფების მეთაურების მიერ, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, სპეციალურ საარჩევნო სიებში შეყვანილნი არიან შემდეგი კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეები: 1. სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც არჩევნების დღისთვის მუდმივად არიან დისლოცირებულები 1 წლით ან 1 წელზე მეტი ვადით; 2. სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დისლოცირებულნი არიან 1 წელზე ნაკლები ვადით, მაგრამ ადგილობრივ მაცხოვრებლებს წარმოადგენენ, რეგისტრირებულები არიან გარდაბნის მუნიციპალიტეტში.
სპეციალური საარჩევნო უბანი გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიამ შექმნა.