განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) სადამკვირვებლო მისია, 28 იანვარს გარდაბანის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნეის მიმდინარეობას აკვირდება. CDD-ს სადამკვირვებლო მისია 20 აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება, მათ შორის 4 მობილური ჯგუფი. დამკვირვებლები გადანაწილებული არიან როგორც საუბნო საარჩევნო კომისიებში, ისე საოლქო საარჩევნო კომისიაში. სადამკვირვებლო მისიის წევრები დააკვირდებიან კენჭისყრის დღის პროცედურებს, რაც მოიცავს: უბნის გახსნას, კენჭისყრის პროცესს, უბნის დახურვასა და შედეგების შეჯამებას. მისია ასევე დააკვირდება ვაზიანში განთავსებულ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ N64 საარჩევნო უბანს.
13:00 საათისათვის, CDD-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ დაფიქსირდა რიგი პროცედურული ხასიათის დარღვევები, მათ შორის: საარჩევნო უბნის დაგვიანებით გახსნა, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება, საკონტროლო ფურცლის ხარვეზებით შევსება, ამომრჩეველთა სიაში ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს დახვდა მის გრაფაში ხელმოწერა. დაფიქსირდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში გამორჩენის ფაქტები.
აღსანიშნავია, რომ მაღალია გადასატანი ყუთის ამომრჩეველთა რაოდენობა, რიგ შემთხვევაში აჭარბებს კანონმდებლობით დადგენილ საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული ამომრჩევლის 3%-ს.
სამწუხაროთ, კვლავაც გრძელდება ეგრეთ წოდებული "კოორდინატორებისა” და მხარდამჭერების მობილიზების მანკიერი პრაქტიკა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტრიაზე. აღნიშნული ტიპის მობილიზაცია იწვევს დაძაბულობას და მოსალოდნელია სიტუაციის ესკალაცია.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით ამ დროისთვის საარჩევნო პროცესი მთლიანობაში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და პროცედურული ხარვეზების უმეტესობა ადგილზე აღმოიფხვრა.
გვინდა ავღნიშნოთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება საარჩევნო აგიტაცია. ასევე აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში. კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება აკრძალულია.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნები, საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 9 დეკემბრის N09/12/01 განკარგულების საფუძველზე, გამგებლის გარდაცვალების გამო დაინიშნა.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრში (CDD) ფუნქციონირებს ცხელი ხაზი (790 333 111), სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს/ორგანიზაციას შეუძლია მოგვაწოდოს ინფორმაცია კენჭისყრის პროცედურებისა და მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების დარღვევების შესახებ. ჩვენი დამკვირვებლები ადგილზე მოახდენენ შესაბამის რეაგირებას. ცხელი ხაზის მეშვეობით ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის შედეგების შესახებ.