განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა (CDD) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნების მონიტორინგი განახორციელა. CDD-ს სადამკვირვებლო მისია 20 აკრედიტირებული და ტრენინგ გავლილი დამკვირვებლისგან შედგებოდა, მათ შორის 4 მობილური ჯგუფი. დამკვირვებლები გადანაწილებულნი იყვნენ როგორც საუბნო, ისე საოლქო საარჩევნო კომისიებში და აკვირდებოდნენ კენჭისყრის დღის პროცედურებს, რაც მოიცავდა: უბნის გახსნას, კენჭისყრის პროცესს, უბნის დახურვასა და შედეგების შეჯამებას. მისია ასევე დააკვირდა ვაზიანში განთავსებულ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ N64 საარჩევნო უბანს.
CDD-ის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კენჭისყრის დღემ უმეტესწილად მშვიდ გარემოში ჩაიარა. საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრა კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა. 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დროულად დაიხურა. ამომრჩეველთა შედარებით დაბალი აქტივობის გამო საარჩევნო უბნებმა დროულად განახორციელეს ხმის დათვლის პროცედურა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება და საარჩევნო დოკუმენტაციის ოლქისათვის წარდგენა.
საარჩევნო უბნებზე მაღალი იყო გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მსურველ ამომრჩეველთა რაოდენობა, რიგ შემთხვევაში კი აჭარბებდა კანონმდებლობით დადგენილ საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული ამომრჩევლის 3%-ს. რაც ხშირად ეჭვის შეტანის საფუძველს იძლევა და სადაოს ხდის გადასატანი ყუთის მთხოვნელთა მიმართვების საფუძვლიანობას.
CDD-ის დამკვირვებლებმა არჩევნების დღეს დააფიქსირეს შემდეგი პროცედურული ხასიათის დარღვევები:
საარჩევნო უბნის გახსნა და ხმის მიცემის პროცედურა: საარჩევნო უბნის დაგვიანებით გახსნა; საკონტროლო ფურცლის ხარვეზებით შევსება; საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება; არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნა; საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე აგიტაცია; მარკირების აპარატის გაუმართაობა; გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცედურის დარღვევა და ხმის მიცემის პროცედურის სხვადასხვა სახის დარღვევები.
აგრეთვე დაფიქსირდა რამოდენმე შემთხვევა, როდესაც საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს სამაგიდო სიაში დახვდა მის გრაფაში ხელმოწერა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ამომრჩეველთა რეგისტრატორის მიერ კენჭისყრის პროცედურის არასათანადოდ შესრულებით.
საარჩევნო უბნის დახურვა და კენჭისყრის შედეგების შეჯამება: ბიულეტენების თვლის პროცედურის წესების დარღვევა; დოკუმენტაციის არასათანადო დალუქვა; შემაჯამებელი ოქმის არასრულფასოვნად შევსება; შემაჯამებელ ოქმში საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის (მიცემულ ხმათა რაოდენობისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი) და კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას შორის შეუსაბამობა.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები არასათანადოდ იყვნენ ინფორმირებული ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების წილისყრით გამოვლენის პროცედურის შესახებ, რამაც გაურკვევლობა გამოიწვია ხმის დათვლის პროცესში მთვლელების გამოვლენისას.
საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ საარჩევნო დოკუმენტაციის საარჩევნო ოლქში წარდგენის დროს სათანადო წესით არ იყო დალუქული რიგი საარჩევნო დოკუმენტაცია (საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალურ ბეჭედი, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი, სარეგისტრაციო ჟურნალი და განცხადება/საჩივრები, ბიულეტენის ბლოკნოტები და სხვა), რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს საარჩევნო პროცედურების განხორცილების კუთხით და საფრთხეს უქმნის კენჭისყრის შედეგების ნამდვილობას.
"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის გამორჩენის შემთხვევები, მათ შორის იყვნენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც არცერთ საარჩევნო უბანზე არ ფიქსირდებოდნენ. კონსტიტუციით მინიჭებული უფლების რელიზებისათვის, აღნიშნული პირები პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით მიმართავდნენ საარჩევნო უბნებს და შემდგომ საარჩევნო ოლქს, თუმცა მათ ხმის მიცემა ვერ შეძლეს. საჭიროა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ აქტიურად გააგრძელოს სიაში გამოტოვებული ამომრჩევლების იდენტიფიცირებისა და რეგისტრაციის პროცესი, აგრეთვე მუშაობა პრობლემურ მისამართებთან და სხვადასხვა მიზეზით რეგისტრაციდან მოხსნილ ამომრჩევლებთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, იყო შემთხვევები, როდესაც ამომრჩევლები ხმის მისაცემად მიმართავდნენ საარჩევნო უბანს და საკუთარ თავს ვერ პოულობდნენ (შეყვანილი იყვნენ ახლოს მდებარე საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა ერთიან სიაში). სასურველი იქნებოდა საარჩევნო უბნებზე, წინა წლების მსგავსად, განხორციელებულიყო ამომრჩეველთა ერთიან სიაში ელექტრონული შემოწმება და ამომრჩევლის ინფორმირება.
სამწუხაროდ, კვლავაც გრძელდება ეგრეთ წოდებული "კოორდინატორებისა" და მხარდამჭერების მობილიზების მანკიერი პრაქტიკა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტრიაზე. აღნიშნული ტიპის მობილიზაცია იწვევს დაძაბულობას და ზრდის საარჩევნო სუბიექტებს შორის პროვოცირებისა და დაპირისპირების რისკს. რისი მაგალითიც იყო გარდაბნის საარჩევნო ოლქის N2, N4 და N62 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები, თუმცა, მსგავსი სახის ინციდენტებს საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი არ შეუფერხებია. აღნიშნულთან დაკავშრებით "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა" მოუწოდა არჩევნებში ჩართულ მხარეებს შეენარჩუნებინათ სიმშვიდე და მიეცათ საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ნორმალურ პირობებში მუშაობის შესაძლებლობა, კანონიერი შედეგების უზრუნველსაყოფად.
აგრეთვე უნდა აღინიშნოს საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების მიერ მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევები, რაც გამოწვეული იყო პროცედურების არასათანადო ცოდნით. საკმაოდ მაღალი იყო რაოდენობა იმ კომისიის წევრებისა ვინც ვერ გაიარეს ტრენინგები (კომისიის ხელმძღვანელ პირთა დასწრების კოეფიციენტი იყო 89.4%, ხოლო კომისიის წევრთა დასწრების კოეფიციენტი - 76%.) აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგებზე დასწრების ვალდებულების შემოღება. ასევე, პოლიტიკური პარტიების მიერ კომისიის წევრთა გამოწვევის ვადების შეზღუდვა და არსებული ვადების გაზრდა, რათა მოხერხდეს კომისიის წევრთა სათანადო მომზადების უზრუნველყოფა. ეს უკანასკნელი კი შეამცირებს პროცედურის არცოდნით გამოწვეული დარღვევების რაოდენობას არჩევნებზე.
აგრეთვე უნდა აღინიშნოს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო უბნებიდან საარჩევნო დოკუმენტაციის მიღებისა და ჩაბარების ნაკლებად ორგანიზებულობა. აუცილებელი და სავალდებულოა საოლქო საარჩევნო კომისიებმა დაიცვან და ზედმიწევნით შეასრულონ კანონითა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციები.
CDD-ის ცხელი ხაზზე (790 333 111), კენჭისყრის დღეს, განხორციელდა 15-მდე სატელეფონო შეტყობინება კენჭისყრის პროცედურებისა და მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების დარღვევებთან დაკავშრებით, რაზეც ჩვენმა დამკვირვებლებმა ადგილზე მოახდინეს შესაბამისი რეაგირება.
"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით გარდაბნის N21 საარჩევნო ოლქში, 2016 წლის 28 იანვარს, კენჭისყრის პროცესმა მეტწილად ორგანიზებულად, პროცედურების დაცვით ჩაიარა და შესაბამისად სადამკვირვებლო მისიის მიერ შეფასდა დადებითად.