დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, თბილისის საკრებულოს, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე მიწვეული იყო "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა.
ღონისძიებაზე ინსპექტორის აპარატის მიერ გამოცხადებული ფოტო, ვიდეო და პოსტერების კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა 60-ზე მეტმა კონკურსანტმა მიიღო, რომლებმაც ნამუშევარები პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე წარმოადგინეს.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული კონკურსი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ევროპის სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტისა და ინოვაციების და რეფორმების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები წელს მეათედ აღნიშნავენ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი საქართველოში 2013 წლის ივლისში შეიქმნა და იგი ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე კონტროლს ახორციელებს.