2016 წლის 12 თებერვალს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა ოცდახუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით საჯარო ანგარიში წარადგინა.
პროექტები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს ეფუძნებოდა საგრანტო კონკურსის მიმართულებებს, რაც სამოქალაქო და საარჩევნო კულტურის განვითარების პროცესში ამომრჩეველთა განათლებას, პოლიტიკური პარტიების ცნობიერების ამაღლებას და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას გულისხმობდა.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ წარმოდგენილი იქნა წარმატებით განხორციელებული პროექტის "პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობა რეგიონებში, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად" პრეზენტაცია.
საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, იგი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამომრჩეველთა განათლებას და შესაბამისად სამოქალაქო კულტურის განვითარებას, ამომრჩეველთა ინფორმირებულობას და მათი მოტივაციის ამაღლებას საარჩევნო პროცესებში ჩართულობისთვის, რაც თავისთავად დემოკრატიული პროცესების განვითარების უმნიშვნელოვანესი საფუძველია.
ცესკოს წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრას სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.