როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების თარიღად 8 ოქტომბერი დაასახელა, შესაბამისი განკარგულება კი კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს გადაეგზავნა, რომლითაც განისაზღვრა, რომ განკარგულება ძალაში 2016 წლის 8 აგვისტოდან შევა.
მიგვაჩნია, რომ არჩევნების თარიღით მანიპულირებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს წინასაარჩევნო გარემოზე. არჩევნების თარიღის წინასწარ გამოცხადებაში პრობლემას ვერ ვხედავთ, რამეთუ საზოგადოებისათვის ისედაც იყო ცნობილი და კანონმდებლობით განსაზღვრული საპარლამენტო არჩევნების ოქტომბრის თვეში ჩატარების საკითხი. რაც შეეხება სამართლებრივი აქტის გამოცემის იურიდიულ თუ ტექნიკურ დეტალებს, ამასთან დაკავშირებით აუცილებელია დიალოგი და საკითხის სამართლებრივ ჩარჩოებში გადაწყვეტა.
საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების თარიღის დანიშვნა, საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 108-ე მუხლით რეგულირდება. აღნიშნული ნორმა პირდაპირ განსაზღვრავს, რომ "საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა".
არჩევნების დანიშვნის აღნიშნული ვადის არსებობა, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებზე დაყრდნობით, განპიროვნებულია მრავალი სამართლებრივი და პოლიტიკური ფაქტორით, მათ შორის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება, არჩევნების მედიის მიერ გაშუქება; არჩევნების ხარჯები; ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება; საბიუჯეტო სახსრების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა; საარჩევნო კომისიების ფორმირება და სხვა.
მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის მიერ აღნიშნული ფაქტორების გათვალისიწინება და არჩევნების გამართვის თარიღის 6 თვით ადრე დასახელება მეტი სიცხადისთვის უკეთესია, რაც ამარტივებს დაგეგმვის პროცესს და თანაბარ პირობებში აყენებს ყველა ჩართულ მხარეს, კერძოდ: პოლიტიკურ პარტიებს მისცემს შესაძლებლობას, თანასწორ გარემოში გამოიყენონ ყველა საშუალება წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისათვის, ადმინისტრაცია უფრო მეტად მომზადებული შეხვდება არჩევნების მოახლოვების თარიღს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს კი მიეცემათ საშუალება უკეთ დაგეგმონ და განახორციელონ არჩევნების მონიტორინგი.
მოვუწოდებთ პირველ რიგში ხელუსუფლებას, რომ ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის სტანდარტების შესანარჩუნებლად პოლიტიკური ნება გამოიჩინოს და არ დაუშვას საარჩევნო კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.
მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პროცესი წარიმართოს ყველა მხარის ჩართულობით, მაქსიმალურად გამჭვირვალედ, სამართლებრიც ჩარჩოებში და ობიექტურად, რათა საფრთხე არ შეექმნას არჩევნების სანდოობასა და წინასაარჩევნო გარემოს. შესაბამისად მხარეებმა მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ყველა საკითხის სამართლებრივ და თანამშრომლურ გარემოში გადაწყვეტას, რათა უარყოფითად არ აისახოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და ქვეყნის მომავალზე.
იმისათვის, რომ მომავალში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი სამართლებრივი გაუგებრობა და არჩევნების თარიღით მანიპულირება, საჭიროა საერთაშორისო პრაქტიკისა და დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინება. ამის საუკეთესო მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც პირდაპირ კანონმდებლობით არის განსაზღვრული არჩევნების გამართვის დღე და თარიღი.