კამპანია “სამართალი ითხოვს”

34 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარმა კოალიციამ "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" კამპანია "სამართალი ითხოვს" დაიწყო. კამპანიას შეუერთდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი.

 

კამპანიის მიზანია სასამართლო სისტემაზე კონტროლის გამყარების მცდელობის თავიდან აცილება და სასამართლოს პოლიტიკურ კლანური მმართველობისგან გათავისუფლება: შეწყდეს მოსამართლეების დანიშვნა გაუმჭვირვალე და უსამართლო გზებით, შეწყდეს კრიტიკულად განწყობილი მოსამართლეების დისციპლინური დევნა, დაჩქარდეს სასამართლო რეფორმა, გამოირიცხოს სასამართლოს წინააღმდეგ პოლიტიკური ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შანსი, მართლმსაჯულება დამოუკიდებელმა მოსამართლეებმა აღასრულონ, მოსამართლეებისთვის საქმეების გადანაწილება მოხდეს შემთხვევითობის წესით.

 

პეტიცია:

 

"მივმართავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დაუყოვნებლივ შეჩერდეს უსამართლო, გაუმჭვირვალე და არაკონსტიტუციური პროცესის გზით სასამართლო კორპუსის დაკომპლექტება. მივმართავთ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, ყოველგვარი გაჭიანურების გარეშე დაიწყოს მუშაობამოსამართლის დანიშვნის, გამჭვირვალე, სამართლიანი და დასაბუთებული სისტემის შესაქმნელად. საზოგადოება მომსწრეა სასამართლო სისტემაში მიმდინარე კრიზისული მოვლენების, რაც უპირველესად უკავშირდება საბჭოს მიერ დაუსაბუთებელი და თვითნებური გადაწყვეტილებების მიღებას არაჯანსაღი და ხარვეზიანი პროცესის გზით. მოსამართლეების დანიშვნის, დაწინაურების, დისციპლინური დევნის შესახებ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ გადაწყვეტილებები მიიღება არაობიექტურ გარემოებებსა და კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ძალაუფლების მქონე ჯგუფების ინეტერესების შესაბამისად, კულუარული გარიგებების გზით. კრიზისს, მოსამართლეებზე არაჯანსაღი გავლენის მოხდენას და კონკრეტული ჯგუფების მიერ კონტროლის გამყარებას ხელს უწყობს ხარვეზიანი კანონმდებლობა, რის შედეგადაც საბჭო იღებს მოსამართლის დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. საბჭო გვერდს უვლის კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კრიტერიუმების შემოწმებას და არ უზრუნველყოფს სამართლიან პროცესს საუკეთესო კანდიდატურების შესარჩევად. მოსამართლის დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას. კანონმდებლობა და საბჭოს გადაწყვეტილებები საფრთხეს უქმნის სამართლიანი სასამართლოს შექმნას და თითოეული მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებას და ინტერესს, მისი საქმე განიხილოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა და კომპეტენტურმა მოსამართლემ. ამ პირობებში მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელება გააღრმავებს კრიზისს და კიდევ უფრო დაგვაშორებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნის იდეისგან. აუცილებელია შესაბამისი კანონმდებლობის დაუყოვნებლივ შეცვლა. მოსამართლეთა კორპუსის მნიშვნელოვან ნაწილს უფლებამოსილება ამოეწურა ან უახლოეს თვეებში ეწურება. ვაკანტური ადგილების უსამართლო და არაკონსტიტუციური გზით შევსება აზრს უკარგავს კანონმდებლობის გაუმჯობესებას, რასაც პოზიტიური გავლენა ვეღარ ექნება სასამართლოს სათანადო კადრებით დაკომპლექტებაზე. პეტიციაზე ხელმომწერების მთავარი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ შეჩერდეს არაკონსტიტუციური გზით მოსამართლეთა დანიშვნა სასამართლო სისტემაში და პროცესი გაგრძელდეს მხოლოდ სათანადო კანონმდებლობის შექმნის შემდეგ, ხელისუფლებამ უმოკლეს ვადებში დაიწყოს მოსამართლეთა დანიშვნის სისტემის რეალური რეფორმა".

12-04-2016