„საარჩევნო სიების სრულყოფის“ პროექტის შუალედური ანგარიში

საარჩევნო სიების სრულყოფის" პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში, 22 აპრილს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შუალედური ანგარიში წარუდგინეს. 

 

შეხვედრას ესწრებოდნენ არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრისა და სხვათა წარმომადგენლები.

 

საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე "საარჩევნო სიების სრულყოფის" პროექტის ფარგლებში განხორციელებული ფართომასშტაბური ღონისძიებების შუალედური ანგარიში მოწვეულ სტუმრებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა სამხარაძემ გააცნო. მისივე განცხადებით რამდენიმე მიმართულებით განხორციელებულია მთელი რიგი ღონისძიებები, კერძოდ:

  • გარდაცვლილ და არასრულწლოვან პირთა ფოტოსურათების შედარება საარჩევნო უფლების მქონე ყველა პირის სურათთან, რაც მონაცემთა ბაზაში სავარაუდო გაორებების აღმოფხვრას ისახავს მიზნად;
  • გარდაცვალების ისეთი ფაქტების გამოვლენა, რომლებიც არ არის რეგისტრირებული სააგენტოს მიერ; 
  • უსურათო და უხარისხო სურათების მქონე მონაცემების მაქსიმალურად შემცირება;
  • მოქალაქის სქესის აღმნიშვნელ გრაფაში შეუსაბამობის გასწორება და ბაზაში კონკრეტული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემზე მიბმული ფოტოსურათების გასწორება;
  • საკონსულო სამსახურების მიერ გაცემული უსურათო დოკუმენტებისთვის სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არარსებული ფოტოსურათების მოძიება და მათი მონაცემთა ბაზაში დაფიქსირება;
  • იურიდიულად ძალადაკარგული დოკუმენტების მფლობელი და რეგისტრაციიდან მოხსნილი პირებისათვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც აღნიშნული სეგმენტისთვის პირადობის მოწმობის უფასოდ დამზადებას გულისხმობს.

 

ამ ეტაპზე განხორციელებული ღონისძიებების შედეგად იდენტიფიცირებული და აღმოფხვრილია გაორების 481 ფაქტი, დარეგისტრირებულია 210 გარდაცვალების აქტი, აღდგენილია 1 554 ფოტოსურათი, შესწორებულია 252 ხარვეზიანი ჩანაწერი, საფასურის გადახდის გარეშე გაცემულია 57 000-მდე პირადობის მოწმობა.

 

შეხვედრის დასასრულს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ არასამთავრობო სექტორს "საარჩევნო სიების სრულყოფის" პროექტის სამომავლო გეგმების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

 

"საარჩევნო სიების სრულყოფის" პროექტი გასული წლის 20 ოქტომბრიდან ამოქმედდა და 2016 წლის 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო "საარჩევნო სიების სრულყოფის"პროექტის ფარგლებში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამუშაოების ანგარიშს პერიოდულად წარმოადგენს.

 

"საქართველოს საარჩევნო კოდექსის" თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია, ცესკოს წელიწადში 4-ჯერ მიაწოდოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე პირთა მონაცემები გადაცემის დღისათვის არსებული მდგომარეობით. აღნიშნული მონაცემები ცესკოს წელს პირველად თებერვალში გადაეცა. სერვისების განვითარების სააგენტო მაისის თვეში კომისიას განახლებულ მონაცემებს კიდევ ერთხელ გადასცემს. 

 

"საქართველოს საარჩევნო კოდექსის" თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია, ცესკოს, მოთხოვნის შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნებამდე არაუგვიანეს 11 დღით ადრე მიაწოდოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე პირთა მონაცემები გადაცემის დღისათვის არსებული მდგომარეობით.

 

საინფორმაციო ბმული:  ფოტო  ვიდეო

22-04-2016