2016 წლის 10 აპრილს განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის წევრთა რიგით მეხუთე საერთო კრება გაიმართა. კრებას უძღებოდა CDD-ის გამგეობის თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა.
წევრთა კრებაზე განხილულ იქნა სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის: გამგეობის მიერ უფლებამოსილების პერიოდში განხორციელებული საქმიანობა; წესდებაში შესატანი ცვლილებები; ორგანიზაციის იურიდიული მისამართისა და ელექტორნული ფოსტის ცვლილება; ორგანიზაციის გამგეობის წევრთა არჩევა და სხვა.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარის ქეთევან ჩაჩავას მიერ გაკეთდა გასული 3 წლის განმავლობაში გამგეობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შეჯამება.
გამგეობის წევრებმა საერთო კრებას წარუდგინეს ორგანიზაციის არსებულ წესდებაში შესატანი ცვლილებები და ამ ცვლილებების გათვალისწინებით, ახალი რედაქციით წესდების პროექტი. გაიმართა წარმოდგენილი ცვლილებების მუხლობრივი განხილვა.
კრების მიერ, განხილვის შედეგად, ერთხმად იქნა მიღებული განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის წესდება ახალი რედაქციით, რომლის თანახმადაც გამგეობის წევრთა რაოდენობა შემცირდა და განისაზღვრება ხუთი (5) წევრით, გამგეობის წევრები კი თავად აირჩევენ გამგეობის თავმჯდომარეს. ცვლილება განხორციელდა ორგანიზაციის იურიდიულ მისამართში და განისაზღვრა: ქ.თბილისი, აკაკი შანიძის ქ. N 8, ხოლო ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@CDD.ge. ცენტრის ხელმძღვანელ ორგანოებში განხორციელდა ცვლილება და დაემატა აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია, რომელიც განახორციელებს ცენტრის ხელმძღვანელობის-წარმომადგენლობის უფლებამოსილებას და 3 წლის ვადით აირჩევა უშუალოდ გამგეობის მიერ.
კრებაზე აგრეთვე გაიმართა კენჭისყრა გამგეობის ახალი შემადგენლობის ასარჩევად. გამგეობის წევრთა არჩევნებში დასახელებული კანდიდატურებიდან კრებამ ერთხმად აირჩია 5 კანდიდატი: მიხეილ მირზიაშვილი, ნათია ქაშაკაშვილი, დაჩი ჯანელიძე, ბექარ ოიკაშვილი და ლია ბიჩნიგაური. რითაც დამტკიცდა გამგეობის ახალი შემადგენლობა.
ქეთევან ჩაჩავამ, მისი ორგანიზაციის თავმჯდომარედ მოღვაწეობის მანდატი შეაფასა. მან მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის წევრებს, გამგეობას, თანამშრომლებს, რეგიონალურ წარმომადგენლებს, პარტნიორებსა და დონორ ორგანიზაციებს ნაყოფიერი - დაუღალავი შრომისა და თანადგომისათვის, მან მიულოცა ახლად არჩეულ გამგეობის წევრებს და ორგანიზაციას დასახული მიზნების განხორციელება და წინსვლა უსურვა.
შეხვედრის დასასრულს განხილული იქნა CDD-ის სამომავლო გეგმები, დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები, პერსპექტივები და ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევები.