ევროპის დღეები საქართველოში

დღეიდან საქართველოში ევროპის დღეები დაიწყო, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს ევროპული გზისა და არჩევანის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ შეახსენებს. ევროპის დღეების ფარგლებში, 3 კვირის განმავლობაში (8-24 მაისი) უამრავი საინტერესო ღონისძიება გაიმართება, რომლებზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

 

ევროპის დღეები ოფიციალურად რიყის პარკში გაიხსნა. პარკში იფუნქციონირებს ევროპული სოფელი, სადაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოების ორგანიზებით ეწყობა 28 წევრი ქვეყნის კუთხეები. თითოეული მათგანი წარმოადგენს საკუთარი ქვეყნის კერძებს, ეროვნულ სამოსსა და სხვა ტრადიციებს. მათ შორის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კუთხეც. 

 

ევროპული დღეები​ მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებებს, რომელთა მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის და ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული პროგრამების გაცნობა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ევროვიზიის ვარსკვლავები, მოძრაობის თეატრი. ყველა ეს ღონისძიება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ ერთიანობა მრავალფეროვნებაშია. 9 მაისს გაიმართება სემინარი სახელწოდებით: "მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ". სემინარში ჩაერთვებიან მასწავლებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის 10 გამარჯვებული კი, ესტონეთში სასწავლო ვიზიტზე გაემგზავრება. 

 

ევროპის დღეების ფარგლებში ასევე დაგეგმილია ღონისძიება "back to school", რომელიც  მაღალი თანამდებობის  პირების სკოლებში დაბრუნებას ითვალსიწინებს. საქართველოს პრეზიდენტი თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, სხვა სახელმწიფო მოხელეები  კი, საკუთარ  სკოლებში მივლენ და წაიკითხავენ ლექციას: "საქართველოს ევროპული გზა". 

 

ევროპის დღეების ფარგლებში პირველად გამოიცემა საქართველო-ევროკავშირის მეგობრობის მარკა. 

 

"მაქსიმალურად შევეცდებით, ევროპის დღეების ფარგლებში, ჩვენს მოსახლეობას მივაწოდოთ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს მოაქვს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის" - განაცხადა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ქეთევან ჩაჩავამ.

 

ყოველი წლის 9 მაისს ევროპის ქვეყნები ევროპის დღეს აღნიშნავენ.  ევროპის დღის აღნიშვნის ტრადიციას საქართველოში 2004 წელს ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ ევროპის დღისადმი მიძღვნილი მრავალი საინტერესო ღონისძიება იმართება. მას საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭრით ახორციელებს.

 

საქართველოში ევროპის დღეების ღონისძიებების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შესაძლებელია იხილოთ ოფიციალურ გვერდზე europeandays.ge

 

8-05-2016