განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ორგანიზებით, პროექტის "საქართველო და ევროკავშირი" ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ბნ. დავით ბაქრაძე და სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" დირექტორი ქეთევან ჩაჩავა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.
შეხვედრებზე დავით ბაქრაძემ ევროინტეგრაციასა და ქვეყნისთვის ამ პროცესის მნიშვნელობაზე, თავისუფალ არჩევანსა და ვიზალიბერალიზაციის პროცესზე ისაუბრა და ამ მიმართულებით პედაგოგებისა და სტუდენტების ინფორმირებულობის, ჩართულობისა და აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობა აღნიშნა. შეხვედრის ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია, სადაც სახელმწიფო მინისტრმა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრის დასასრულს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ მოაწერეს ხელი.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
პროექტი "საქართველო და ევროკავშირი" ხორციელდება განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩოების მხარდაჭერით.
შეხვედრების ამსახეველი ფოტო მასალა იხილეთ ბმულზე