CDD პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების პროექტს ახორციელებს

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშესაწყობად ახორციელებს პროექტს "პოლიტიკური პარტიების რესურსების გაძლიერება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში".

 

პროექტის მიზანი: "პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა 2016 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის"

 

განხორციელების არეალი: შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი (8 საარჩევნო ოლქი)

 

სამიზნე ჯგუფი: პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები/აქტივისტები შესაბამის რეგიონში.

 

პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე (1 ივნისი - 1 სექტემბერი)

 

პროექტის ფარგლებში, პოლიტიკური პარტიების რეგიონული წარმომადგენელთათვის, ივლისი-აგვისტოს პერიოდში ჩატარდება 4 დღიანი ტრენინგები. ტრენინგებს გაუძღვებიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე, სასწავლო კურსი „BRIDGE“-ის პროგრამის (დემოკრატიის, მმართველობის და არჩევნების სფეროში რესურსების განვითარების პროგრამა) აკრედიტებული ტრენერ-ექსპეტები. ტრენინგები ჩატარდება ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა:

 

 * არჩევნებში ჩართული მხარეები, მათი უფლებამოსილება და საარჩევნო ეთიკა;

 * გუნდური მუშაობა, დროის მენეჯმენტი და ანგარიშვალდებულება;

 * კონფლიქტების მართვა, საარჩევნო დავები, სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა;

 * წინასაარჩევნო კამპანია და ადმინისტრაციული რესურსები;

 * საარჩევნო ციკლი და საკანონმდებლო სიახლეები;

 * საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობა;

 * კენჭისყრის დღის პროცედურები.

 

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

პროექტი "პოლიტიკური პარტიების რესურსების გაძლიერება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში" ხორციელდება სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით.

6-06-2016