საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების კონკურენტულ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის. სწორედ არჩევნების მაღალი სტანდარტებით ჩატარებამ უნდა განამტკიცოს მოპოვებული მიღწევები და ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის სწრაფვას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. 

 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს თავისუფალი სიძულვილის ენის, აგრესიისა და ძალადობისაგან. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მშვიდი და თანასწორი წინასაარჩევნო გარემო, სადაც დაცული იქნება საქართველოს კონსტიტუცია და კანონები და რომელიც შექმნის სათანადო გარანტიებს ამომრჩევლის მიერ ნების თავისუფლად გამოხატვისა და საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მშვიდ გარემოში არჩევნების ადმინისტრირებისათვის. ამასთან, საარჩევნო პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ უარი უნდა თქვას ძალადობაზე და პატივი სცეს არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარების აუცილებლობას.

 

უკანასკნელ დღეებში განსაკუთრებული შეშფოთების საგანი გახდა ის ძალადობრივი ქმედებები, რასაც ადგილი ჰქონდა საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე სამეგრელოში, კორცხელის 53-უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. უცნობმა პირებმა, რომლებიც ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი, ფიზიკური ძალადობა განახორციელეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიმართ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებს და ხელი შეუშალეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას. 

 

განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, თუმცა მათ ვერ უზრუნველყვეს ძალადობის პრევენცია. აღნიშნულ ფაქტებში ჩართული პირების სათანადო დაუსჯელობა, ძალადობის წახალისებად და ხელშეწყობად ჩაითვლება. შესაბამისად, ხელისუფლება ვალდებულია სწრაფად უზრუნველყოს ობიექტური, მიუკერძოებელი გამოძიება ამ და სხვა შესაძლო ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით და კანონის მოთხოვნების შესაბამისად აგებინოს პასუხი დამნაშავეებს. ხელისუფლება და არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტი ასევე ვალდებულია, უზრუნველყოს ჟურნალისტებისა და საარჩევნო პროცესში ჩართული სხვა პირებისათვის უსაფრთხო და ხელშემწყობი სამუშაო გარემო.

 

არჩევნების კონტექსტში ასევე უმნიშვნელოვანესია სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მისიების როლი. სასიცოცხლოდ აუციელებელია, ამ ორგანიზაციებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლებისაგან  თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში დააკვირდნენ როგორც წინასაარჩევნო პროცესებს, ასევე არჩევნების დღეს და შესაბამისად უზრუნველყონ ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება. საარჩევნო პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ და პოლიტიკურმა ძალამ პატივი უნდა სცეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მისიების როლს და გაითავისოს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ამოძრავებთ საზოგადოებრივი ინტერესი და კანონის დაცვის ხელშეწყობის ვალდებულება და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის ან დისკრედიტაციის ინტერესი.  

 

ღრმად გვწამს, რომ სწორედ ზემოაღნიშნული პრინციპების განუხრელი დაცვა და პატივისცემა დაეხმარება საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების კონკურენტულ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებაში და ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ ინტეგრაციას.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

2. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

3. ლიბერალური აკადემია თბილისი

4. საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაცია

5. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო

6. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

7. ადამიანის უფლებათა ცენტრი

8. ჯანმრთელი სამყარო

9. საზოგადოებრივი დამცველი

10. ახალგაზრდები სამართლიანობისთვის

11. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი

12. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

13. კონსტიტუციის 42-ე მუხლი

14. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი

15. ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო

16. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

17. ასოციაცია "სკოლა-ოჯახი-საზოგადოება"

18. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

19. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი

20. საერთო სამოქალაქო მოძრაობა ”მრავალეროვანი საქართველო”

21. ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება

22. საქართველოს ასოციაცია ”ქალი და ბიზნესი”

23. ასოციაცია „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისთვის

24. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“

25. კავკასიის ქალები საუნივერსიტეტო განათლებით

26. ასოციაცია „ათინათი“

27. საქართველოს პრესის ასოციაცია

28. მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“

29. სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი

30. კავკასიური სახლი საქართველო

31. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

32. ასოციაცია „მერკური“

33. საქართველოს პროფესიულ კავშირთა გაერთიანება

34. ჯანმრთელი ბავშვები

35. კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი

36. ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი

37. პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“

38. სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში

39. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები

40. მეწარმე ქალთა ფონდი

41. ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“

42. ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია

43. ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო

44. ახალგაზრდული ალტერნატივა

45. საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტები

8-06-2016