ყვარელში, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის, საარჩევნო საკითხებზე მომზადებული თემატური სახელმძღვანელოებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ორდღიანი შეხვედრა გაიმართა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წევრები და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებთან და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სამდივნოს წარმომადგენელთან ერთად მსჯელობდნენ საარჩევნო საკითხებზე მომზადებული თემატური სახელმძღვანელოების განახლებაზე. განხილვების დასკვნით ნაწილში ასევე ჩართული იყო ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია.
შეხვედრის მონაწილეებმა შეიმუშავეს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან მიმართებაში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ტექსტიც; მემორანდუმი საარჩევნო კოდექსში ადმინისტრაციულ რესურსთან დაკავშირებული კონკრეტული მუხლების ერთგვაროვან აღქმას ითვალისწინებს.
შეხვედრის მონაწილეებმა საარჩევნო დავების და ადმინისტრაციული რესურსების სახელმძღვანელოების, ასევე სახელმძღვანელოს - „ერთგვაროვანი პრაქტიკა საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების/წევრთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისას საოლქო საარჩევნო კომისიებში ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების პროცედურებისა და სახდელის შეფარდების შესახებ“ განახლებაზე იმსჯელეს.
გასვლითი სამუშაო შეხვედრა 7-8 ივლისს ცესკოს ინიციატივით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით გაიმართა.
ცესკოსთან ერთად სამუშაო შეხვედრაში ჩართულები იყვნენ IFES-ის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის, სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის, მრავალეროვანი საქართველოს, საზოგადოებრივი დამცველისა და უწყებათაშორისი კომისიის სამდივნოს წარმომადგენლები.
იხილეთ შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა