ბათუმში მე-13 საერთაშორისო კონფერენცია-„საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა

14 ივლისს, ქ. ბათუმში, რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა - სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება" გაიხსნა, რომელზეც იმყოფება განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ყანჩაველი.

 

კონფერენცია - „საქართველოს ევროპულ გზა - სტაბილურობა, განვითარება და მრავალფეროვნება” 2007 წლიდან, ტრადიციულად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტარდება. წელს, კონფერენცია GLOBSEC-თან თანამშრომლობით იმართება.

 

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების მაღალი რანგის თანამდებობის პირები და პარლამენტარები, ასევე სამოქალაქო, აკადემიური, მედია და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

 

ბოლო ათწლეულის განმავლობაში კონფერენცია მაღალი დონის ოფიციალური პირების შეკრების ადგილად იქცა, სადაც განიხილება გეოპოლიტიკისა და უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები, ასევე ეკონომიკური მდგრადობისა და განვითარების საკითხები ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში.

 

წელს, კონფერენციის მიზანია ევროპაში მიმდინარე აქტუალური საკითხების, მათ შორის  ევროპის ენერგოუსაფრთხობასა და ეკონომიკურ განვითარებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების როლის, უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების, ასევე საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვაში ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების განხორციელების პროცესის შესახებ დისკუსიის გამართვა.

 

კონფერენციაზე იხილება შემდეგი თემები:

  • ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის მიმოხილვა - ახალი სტრატეგიის მიღების მნიშვნელობა და მისი როლი ევროკავშირის ურთიერთობაზე პარტნიორ ქვეყნებთან;
  • ვიზა-ლიბერალიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის - უვიზო მიმოსვლის პირობებში მოქალაქეებისათვის უფლება-მოვალეობების უკეთ გაცნობის აუცილებლობა;
  • სლოვაკეთის რესპუბლიკის, როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის პრიორიტეტები და  სლოვაკეთ-საქართველოს თანამშრომლობის როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში;
  • უსაფრთხოების  თანამედროვე გამოწვევები და შესაძლებლობები - ჰიბრიდული ომი და მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდა;
  • ღრმა და ყოვლისმომცველი  თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობა ეკონომიკური განვითარებისათვის და ახალი შესაძლებლობები კერძო სექტორისთვის;
  • ევროკავშირის დახმარების როლი ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების ეფექტიან განხორციელებაში;
  • ევროპის მომავალი გაერთიანებული სამეფოში ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების ფონზე.

ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერების მიზნით კონფერენცია ყოველწლიურად ქმნის სივრცეს იდეების, ინტერესებისა და პოლიტიკის დაახლოებისთვის.  ძირითადი სესიების გარდა, მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდამჭერი ინიციატივების, მათ შორის ქვეყანაში მიმდინარე კერძო და სამოქალაქო სექტორის კონკრეტული პროექტების შესახებ.    

 

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

14-07-2016