ტრენინგები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთათვის

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა (CDD), პროექტის "პოლიტიკური პარტიების რესურსების გაძლიერება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში" ფარგლებში, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშესაწყობად ტრენინგების ციკლის განხორციელება დაიწყო. 

 

პირველი ტრენინგი გაიმართა 20-23 ივლისის პერიოდში, გუდაურში მდებარე სასტუმროში "ალპინა", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა პოლიტიკური პარტიების შესაბამისმა რეგიონულმა წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა.

 

პროექტში მონაწილეობს 15 პოლიტიკური გაერთიანება, მათ შორის 10 კვალიფიციურიმპგ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"; მპგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; მპგ "ეროვნული ფორუმი"; მპგ "თავისუფალი დემოკრატები"; მპგ "თავისუფალი საქართველო"; მპგ "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს"; მპგ "საქართველოს კონსერვატიული პარტია"; მპგ "საქართველოს ლეიბორისტული პარტია"; მპგ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"; მპგ "საქართველოს რესპუბლიკური პარტია" და 5 არაკვალიფიციური პოლიტიკური გაერთიანება: მპგ "ახალი მემარჯვენეები"; მპგ "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა"; მპგ "ეროვნულ დემოკრატიული პარტია"; მპგ "ევროპელი დემოკრატები"; მპგ "ქართული დასი".

 

ტრენინგები მიმდინარეობს 4 დღის განმავლობაში, რომელსაც წარმართავენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე, სასწავლო კურსი „BRIDGE“-ის პროგრამის (დემოკრატიის, მმართველობის და არჩევნების სფეროში რესურსების განვითარების პროგრამა) აკრედიტებული ტრენერ-ექსპეტები. ტრენინგებს ექსპერტ-კონსულტანტის სტატუსით ესწრება BRIDGE-ის ექსპერტ ფასილიტატორი და CDD-ს გამგეობის წევრი ნათია ქაშაკაშვილი.

 

ტრენინგები ტარდება ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა:

 

 * არჩევნებში ჩართული მხარეები, მათი უფლებამოსილება და საარჩევნო ეთიკა;

 * გუნდური მუშაობა, დროის მენეჯმენტი და ანგარიშვალდებულება;

 * კონფლიქტების მართვა, საარჩევნო დავები, სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა;

 * წინასაარჩევნო კამპანია და ადმინისტრაციული რესურსები.

 

პროექტის განხორციელების პროცესში დამატებით უზრუნველყოფილია სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ჩართულობა შემდეგი მოდულების სწავლების კუთხით:

 

 * საარჩევნო ციკლი და საკანონმდებლო სიახლეები;

 * საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობა;

 * კენჭისყრის დღის პროცედურები.

 

ტრენინგის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა პროექტის ფარგლებში მომზადებული სახელმძღვანელო "არჩევნების და პოლიტიკა" და სხვა ყველა საჭირო საინფორმაციო მასალა. ტრენინგის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, საკითხების მიმოხილვისა და უკეთ შესწავლისათვის, ტარდება ჯგუფური და სიტუაციური სავარჯიშოები. ხოლო საკითხებს შორის შუალედში წამახალისებელი გასართობ-შემეცნებითი თამაშობები (ენერჯაიზერი). ტრენინგების დასასრულს წარმოებს მონაწილეთა ინტერაქტიული გამოკითხვა და სერტიფიკატებით დაჯილდოვება.

 

პროექტის ფარგლებში, პოლიტიკური პარტიების რეგიონული წარმომადგენელთათვის (კასპის, ქარელის, ხაშურის, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და სტეფანწმინდის ოლქები) 25 ივლისი - 27 აგვისტოს პერიოდში დაგეგმილია კიდევ 7 ტრენინგის განხორციელება. 

 

პროექტი "პოლიტიკური პარტიების რესურსების გაძლიერება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში" ხორციელდება განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის მიერ სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით.

 

იხილეთ ტრენინგის ამსახველი ფოტო მასალა

23-07-2016