2-4 აგვისტოს CDD-ს ორგანიზებით, დაბა გუდაურში მდებარე სასტუმროში "მარკო პოლო", საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრსა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა ტრენინგი "საქართველო და ევროკავშირი".
ტრენინგი მიმდინარეობდა სამი დღის განმავლობაში და მას საქართველოს საპატრიარქოს სკოლების, გიმნაზიების, სასულიერო სემინარიების, სკოლა - პანსიონების ხელმძღვანელები, მასწავლებლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ტრენინგი ეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა : საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობის ისტორია; ევროკავშირი და მისი ინსტიტუტები; თავისუფალი, უვიზო, მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის; საქართველო - ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება; ასოცირების დღის წესრიგი და ეროვნული სამოქმედო გეგმა. მონაწილეები ასევე გაეცნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაცებს შორის ურთიერთობის საკითხებს.
პრეზენტაციები გააკეთეს მოწვეულმა ტრენერ-ექსპერტებმა მიხეილ მირზიაშვილმა, ივანე ჩხიკვაძემ, გიორგი ფარეშიშვილმა, არჩილ ყანჩაველმა,მარი ბენდელიანმა და ლაშა მელაძემ. საკითხების უკეთ გასაცნობად ტარდებოდა ჯგუფური სავარჯიშოები, სადაც მონაწილეები მიმოიხილავდნენ ცალკეულ საკითხებს და წარმოადგენდნენ საინტერესო პრეზენტაციებს.
ტრენინგზე მონაწილეებს გადაეცათ პროექტის ფარგლებში მომზადებული წიგნი "საქართველო და ევროკავშირი - განვითარებისა და რეფორმების კვალდაკვალ", აგრეთვე საინფორმაციო ბროშურა "სახელმწიფო და რელიგიები - ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილების მოკლე ანალიზი".
ტრენინგის მიწურულს გაიმართა შემაჯამებელი სესია, სადაც მოწვეული სტუმრების ფორმატში ესწრებოდნენ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა), ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილე Floor Nuiten-Elzinga და ნინო ბოლქვაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე - არჩილ ყარაულაშვილი, სსიპ "საინფორმაციო ცეტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დირექტორი - ქეთევან ჩაჩავა.
ტრენინგის დასარულს მოეწყო საზეიმო ცერემონია, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს, მათთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღეს და ევროპულ გზაზე წარმატებები უსურვეს.
იხილეთ ტრენინგის ამსახველი ფოტო მასალა