საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს, კვირა დღეს გაიმართება - ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 3 ივლისს, საღამოს 19: 30 საათზე გაიმართა შეხვედრა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, რომელთაც გაავრცელეს „არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს არჩევნების თარიღის შეცვლის თაობაზე“. შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა სხვადასხვა არგუმენტები დაასახელეს იმისა, თუ რატომ უნდა შეცვლილიყო არჩევნების დღე. შეხვედრას ესწრებოდა განვითარებისა და დეკმტრატიის ცენტრის თავმჯდომარე – ქეთევან ჩაჩავა.
როგორც ანდრო ბარნოვმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ის შეხვედრის შემდეგ ესაუბრა პრეზიდენტს და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ არჩევნების ჩატარების დღე შიეცვლება. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაფორმება მოხდება უახლოეს პერიოდში. ამასთან, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილისთვის, ადმინისტრაციისთვის ამ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა არჩევნების ჩატარების თარიღს და იმის გათვალისწინებით, რომ არასამთავრობო სექტორის მხრიდან დასახელებული იყო მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი არგუმენტები, მოხდა ამ არგუმენტების გათვალისწინება.