ცესკომ და სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა არჩევნებისთვის ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი

სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ერთობლივ ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი. 

 

დოკუმენტი მიზნად ისახავს 2016 წლის პარლამენტის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების ხელშეწყობას, კანონის უზენაესობის პატივისცემას და ძირითადი საარჩევნო პრინციპების განხორციელებას.

 

კოდექსზე ხელმომწერი მხარეები თანხმდებიან, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით და აღნიშნული ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებენ. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებისა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა წარმომადგენლების მიერ პროფესიული და ეთიკური ნორმების დაცვა მნიშვნელოვანი წინაპირობაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად.

 

სამუშაო ჯგუფი ცესკოს ხელმძღვანელის თამარ ჟვანიას ინიციატივით 30 ივნისს შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ როგორც ცესკოსა და სწავლების ცენტრის, ისე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, საერთაშორისო გამჭვირვალება – საქართველოს, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD), სამოქალაქო მოძრაობა – მრავალფეროვანი საქართველოს, არასამთავრობოთა კოალიცია სამოქალაქო განვითარებისთვის და ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები.

 

 

   

 

22-08-2016