2016 წლის 21 აგვისტოს გორთან მომხდარ ავტასაგზაო შემთხვევას განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის შიდა ქართლის ყოფილი კოორდინატორი შორენა ყაყიტაშვილი და მისი ორი ახლო ნათესავი ემსხვერპლა.
განვითარების და დემოკრატიის ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს. შორენა საუკეთესო თანამშრომელი და კარგი მეგობარი იყო. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ჩვენი ორგანიზაციის თითოეული წევრისათვის, განსაკუთრებით კი შიდა ქართლის თემისათვის, რომელშიც ის აქტიურად მუშაობდა დიდი ცვლილებებისათვის.
სამწუხაროა, რომ ბოლო წლებში ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი სულ უფრო მატულობს, იზრდება გარდაცვლილთა და დაზარალებულთა რიცხვი. ვფიქრობთ, რომ სტატისტიკა შემაშფოთებელია და სახელმწიფომ მკაცრ ღონისძიებებს უნდა მიმართოს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის მინიმუმამდე დასაყვანად. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, მაქსიმალურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო უსაფრთხოება. ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება შესაძლებელია სახელმწიფოს მხრიდან მიზანმიმართული მუშაობით, სწორი საინფორმაციო კამპანიით და მოძრაობის წესების დაცვაზე პოლიციის მკაფიო მონიტორინგით, სადაც უმთავრესი ყველა მძღოლის კანონის წინაშე თანასწორობა იქნება.