2016 წლის 30 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველი არჩევნების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს შეხვდა და საარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების მონიტორინგის შესახებ პროექტი წარუდგინა. შეხვედრაზე იმყოფებოდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) წარმომადგენელი მარინა ბენდელიანი.
არჩევნების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმოამდგენლებმა საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშრებულ გეგმებსა და პრობლემებზე ისაუბრეს.
ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის მიხედვით სახალხო დამცველის აპარატის 8 რეგიონულ ოფისში რეაგირების 26 ჯგუფი იმუშავებს, დაინიშნება 8 სასამართლო მონიტორი და ამდენივე რეგიონული კოორდინატორი. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის, გურიის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის ოფისები საარჩევნო პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სადაც შესაძლოა იკვეთებოდეს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, იმუშავებენ სრული დატვირთვით, ცხელ ხაზზე, მედია საშუალებებით ან სხვა ნებისმიერი გზით მიღებული შეტყობინებისთანავე მოხდება რეაგირება, ადგილზე გადამოწმდება ინფორმაცია რეაგირების ჯგუფის მიერ და დაიწყება საქმის წარმოება.
სასამართლო მონიტორები შეისწავლიან საჩივრების განხილვის პროცესს საოლქო საარჩევნო კომისიებში და სარჩელების განხილვის პროცესს სასამართლოებში. არჩევნების დასრულების შემდგომ მომზადდება სპეციალური ანგარიში, სადაც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატის მიერ არჩევნების მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ.
სახალხო დამცველის აპარატს არ აქვს დამკვირვებლის მანდატი. მას არ აქვს ის უფლებამოსილება, რაც გააჩნია დამკვირვებელ ორგანიზაციებს - არ ყავს დამკვირვებლები საარჩევნო უბნებში და არ ასაჩივრებს კენჭისყრის მიმდინარეობის დროს არსებულ დარღვევებს.