საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროში განხორციელებული რეფორმები

8 სექტემბერს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიულ დღეს, საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროში განხორციელებული რეფორმების პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის წარმომადგენელი ნინო გვარამია.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლები.

 

ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა გახსნა, რეფორმების შესახებ ანგარიში წარადგინა და სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ „პატიმრობის კოდექსსა“ და თანმდევ საკანონმდებლო აქტებში მომზადებული ცვლილებების საფუძველზე სასჯელაღსრულების სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე ინერგება. 

 

ცვლილებების თანახმად, პენიტენციურ სისტემაში ახალი – გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება შეიქმნება. ახალი ტიპის დაწესებულება გათავისუფლებისთვის მოამზადებს დაბალი ან საშუალო რისკის იმ მსჯავრდებულებს, რომელთაც სასჯელის ამოწურვამდე 6 თვე აქვთ დარჩენილი. კონკრეტულად, ამ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს საშუალება მიეცემათ გათავისუფლებამდე განივითარონ პროფესიული და სხვა სახის უნარები, მიიღონ განათლება, მოაწესრიგონ პირად დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა. 

 

ასევე, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს შესაძლებლობა ექნება სწავლის, მუშაობის ან სხვა მიზნით დროებით დატოვოს პენიტენციური დაწესებულება. გარდა ამისა, დაწესებულებიდან გავიდეს უქმე დღეებში. 

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ პრობაციონერები და პატიმრები, შესაბამისად ცენტრი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებს და მათი რესოციალიზაციის, რეინტეგრაციის, პროფესიული განვითარებისა და დასაქმების პროცესის ხელშეწყობის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს.

8-09-2016