განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა (CDD) გამჭვირვალობის დეკლარაციას მოაწერა ხელი
სასტუმრო "რედისონში", 18-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამჭვირვალობის დეკლარაციას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც თითოეული მათგანი პასუხისმგებლობას იღებს პროაქტიულად გამოაქვეყნოს ინფორმაცია მათი მიზნების, დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობების, განხორციელების ვადების, დონორების და დაფინანსების რაოდენობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია რეგულარულად განთავსდება სამოქალაქო ორგანიზაციების ახალ ვებპორტალზე WWW.CSO.GE.
ღონისძიების დასასრულს, თბილისსა და რეგიონებში მომუშავე 60-მდე ორგანიზაციამ მათი საქმიანობის ამსახველი ფოტოგამოფენა მოაწყო და საზოგადოებას საკუთარი საქმიანობა გააცნო.
ღონისძიება ორგანიზებულია სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა (სიდა) და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS პროგრამის მხარდაჭერით, რომელსაც აფინანსებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის დეკლარაცია
ხელმომწერი ორგანიზაციები, რომელთა მიზანს წარმოადგენს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, ლიბერალური დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის დამკვიდრება, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებისა და ამ საქმიანობის დაფინანსებასთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებული პირის ინფორმირების მიზნით, თანხმდებიან შემდეგ პრინციპებზე:
არასამთავრობო ორგანიზაციები კეთილსინდისიერად უნდა ეკიდებოდნენ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რაც გულისხმობს:
არასამთავრობო ორგანიზაციები ნებაყოფლობითი და მოხალისეობაზე დაფუძნებულები გაერთიანებები არიან და მათი მიზანი არა მოგების, არამედ საზოგადოებრივი სიკეთის მიღებაა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა დაიცვან დამოუკიდებლობის და პოლიტიკური მიუკერძოებლობის პრინციპი და არ უნდა იყვნენ აფილირებული სახელმწიფოსთან ან პოლიტიკურ პარტიებთან;
არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარი საქმიანობისას უნდა ხელმძღვანელობდნენ ანგარიშვალდებულების სტანდარტით, რაც გულისხმობს:
არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა დაამკვიდრონ მმართველობის ისეთი სისტემა, რომელშიც უზრუნველყოფილია, როგორც კანონმდებლობის, ასევე, ორგანიზაციის შიდა წესების განუხრელი დაცვა, ორგანიზაციის ფინანსების შიდა მეთვალყურეობა და კონტროლი, ორგანიზაციის რესურსების ეფექტიანად და პასუხისმგებლობით განკარგვა;
არასამთავრობო ორგანიზაციები საქმიანობაში უნდა ხელმძღვანელობდნენ გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპებით, რაც გულისხმობს:
არასამთავრობო ორგანიზაციების მიზნების, დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობების, განხორციელების ვადების, დონორების და დაფინანსების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, მათ შორის საკუთარ და საერთო ვებგვერდებზე ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას.
და ვაცხადებთ:
პერიოდულად, როგორც საკუთარ ვებგვერდებზე, ასევე საერთო ონლაინ პლატფორმებზე, გამოვაქვეყნოთ ინფორმაცია ორგანიზაციების დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობების, განხორციელების ვადების, დონორების და დაფინანსების რაოდენობის შესახებ;
ინფორმაციის გამოქვეყნებასა და სიზუსტეზე პასუხისმგებლობას შესაბამისი ორგანიზაცია იღებს;
დეკლარაციაზე ხელმოწერა არის ნებაყოფლობითი და ღიაა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც იზიარებენ დოკუმენტში აღიარებულ პრინციპებსა და ვალდებულებებს.
ხელმომწერები:
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA)
სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TIG)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი"
ააიპ ასოციაცია "ათინათი"
დემოკრატიის ინსტიტუტი
დემოკრატ მესხთა კავშირი (UDM)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (KEDEC)
საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
რეგიონის განვითარების ცენტრი (RDC)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
წამების მსხვერპლთა ფსიქისიციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი