იუსტიციის სახლში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ კომისიის წევრები; კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები. კომისიის სხდომას ესწრებოდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) წარმომადგენელი მარინა ბენდელიანი.
უწყებათაშორისი კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მიმდინარეობა შეაფასა და არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებს მიმართა შემდეგი რეკომენდაციით:
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე პოლიტიკურმა პარტიებმა (საარჩევნო სუბიექტებმა) მიმართონ ყველა ძალისხმევას, რათა უზრუნველყონ, რომ მათმა აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა თავი შეიკავონ კონკურენტი პოლიტიკური პარტიის ან მათი კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებისაგან, ასევე, ამ შეხვედრების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი კონტრაქციისაგან, რითაც უნდა გამოირიცხოს პოლიტიკურ ნიადაგზე სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირების რისკი.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 29 ივნისის N140 ბრძანებით შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც 13 უწყება შედის. მისი მიზანი 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებაა, რაც არჩევნებისთვის ხელს შეუწყობს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნას.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს. იხილეთ ამ ეტაპისათვის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები.