განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალების განთავსებას და ხმის მიცემის უფლების მქონე ბრალდებულების/მსჯავრდებულების ინფორმირების მონიტორინგს განახორციელებს.
30 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით პენიტენციურ დაწესებულებაში ხორციელდება ხმის მიცემის უფლების მქონე ბრალდებულების/მსჯავრდებულების ინფორმირება კენჭისყრის პროცედურების (ბუკლეტებისა და ფლაიერების საშუალებით), საარჩევნო სუბიექტებისა და მათ მიერ წარდგენილი კანდიდატების (საარჩევნო სუბიექტების ბეჭდვითი სააგიტაციო მასალების/საარჩევნო პლაკატებისა და საარჩევნო პროგრამების საშუალებით) შესახებ.
საარჩევნო სუბიექტები პენიტენციურ და წესებულებაში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიებს გადასცემენ სააგიტაციო მასალებს. შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას ეკისრება პასუხისმგებლობა მათთვის გადაცემული ბუკლეტების/ფლაიერების/ბეჭდვითი სააგიტაციო მასალების განთავსებაზე.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის სადამკვირვებლო მისიის წევრები დააკვირდებიან ხმის მიცემის უფლების მქონე ბრალდებულების/მსჯავრდებულების ინფორმირების პროცესს, საარჩევნო სუბიექტებისათვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფას, სააგატაციო მასალების განთავსებას და სხვა.
მონიტორინგის ჯგუფი, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 27 სექტემბრის N01-131 ბრძანების საფუძველზე №57/2012 განკარგულების შესაბამისად შეიქმნა. ჯგუფის შემადგენლობაში ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და ცესკოს წევრები შედიან.