ხმის მიცემის პროცესი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბნებზე

14:30 საათისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბნებში კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში.

 

აღსანიშნავია, პოზიტიური ტენდენცია გასულ წლებთან შედარებით. 2016 წელს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილება და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 23-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების დღისთვის თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა და სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის სპეციალური საარჩევნო უბნები არ შეიქმნა.

 

CDD არჩევნების დღეს, სრულად ფარავს საქართველოს ტერიტორიაზე გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ 11-ვე საარჩევნო უბანს. მთლიანობაში გამონაკლის შემთხვევაში 11 საარჩევნო უბანია შექმნილი, მათ შორის 10 პენიტენციურ  და 1 სამკურნალო დაწესებულებაში. 

 

განსაკუთრებული ყურადღება ჩვენი სადამკვირვებლო მისიის მხრიდან ეთმობა იმ საარჩევნო უბნებს, სადაც იგეგმება სპეც.უბნების შედეგების დათვლა (ე.წ. დედა უბნებზე). ასევე, საარჩევნო უბნებს, სადაც სპეციალური სიების მეშვეობით მიმაგრებული არიან, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 32–ემუხლით პუნქტით გათვალისწინებული პირები. 

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანია გახსნილი. მათ შორის: N9 პენიტენციურ დაწესებულებაში (ერთი უბანი); N8 დაწესებულებაში (ორი უბანი); N16 პენიტენციურ დაწესებულებაში (ერთი უბანი ); N17 პენიტენციურ დაწესებულებაში (ერთი უბანი); N5 და N6 დაწესებულებებში (ერთი უბანი); N15 და N19 დაწესებულებებში (ერთი უბანი); N14 დაწესებულებებში (ერთი უბანი); N2 დაწესებულებაში (ერთი უბანი) და N3 დაწესებულებაში (ერთი უბანი). აღნიშნულ საარჩევნო უბნებზე ხმას აძლევს 1300-მდე ხმის უფლების მქონე ბრალდებული/მსჯავრდებული პირი და პენიტენციური დაწესებულებების 1100-მდე თანამშრომელი. დამატებით სასჯელაღსრულების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების დღეს 24 საათიან სამუშაო ცვლაში არიან და მსჯავრდებულთა ნაწილი ხმას მისცემენ გადასატანი ყუთის მეშვეობით მიმაგრებულ 11 საარჩევნო უბანზე.

 

სადამკვირვებლო მისია სრულად აკვირდება აღნიშნულ საარჩევნო უბნებს. ყურადღება ეთმობა აგრეთვე იმ საარჩევნო უბნების მონიტორინგს, სადაც მოხდება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნების შედეგების დათვლა და იმ უბნებს სადაც, სპეციალური სიების მეშვეობით მიმაგრებულნი არიან, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 32–ე მუხლით პუნქტით გათვალისწინებული პირები.

 

გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა რიგი პროცედურული დარღვევები: საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება, კომისიის წევრის გამოუცხადებლობა, ხმის მიცემის პროცედურის დარღვევა და სხვა.

 

სამწუხაროდ, რამდენიმე უბანზე მსჯავრდებულებმა ვერ გამოიყენეს კანონით მონიჭებული ხმის მიცემის უფლება, რადგან ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყო მათთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების დროულად დამზადება - მიწოდება. აგრეთვე:

 

  • რუსთავის N17 დაწესებულებაში გახსილ N29.20.87 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილმა ერთ-ერთმა ამომრჩველმა (მსჯავდებულმა) ხმა მისცა სპეციალური სიის მეშვეობით. აღნიშნულ უბანზე ხმას აძლევს 91 ბრალდებული/მსჯავდებული, რომელთაგან მხოლოდ 11-მა პირმა გააკეთა არჩევანი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით. სამწუხაროდ დანარჩენ 80 პირს არ ქონდა სათანადო დოკუმენტი ან უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილობაზე და გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესი დასრულდა ვადაზე ადრე. ხმის მიცემის პროცედურა წარიმართა 11 კომისიის წევრის თანხლებით;
  • წყალტუბოს N14 დაწესებულებაში გახსნილ №57.58.68 საარჩევნო უბანზე ხმას აძლევს 68 ბრალდებული/მსჯავდებული, რომელთაგანაც მხოლოდ 6-მა პირმა გააკეთა არჩევანი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით. სამწუხაროდ დანარჩენ 62 პირმა უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილობაზე; ანალოგიური ვითარებაა პროტესტის თვალსაზრისით ბათუმის N3 დაწესებულებაში გახსნილ №70.79.105 საარჩევნო უბანზე.
  • ისნის N9 დაწესებულებაში გახსილ №10.05.79 საარჩევნო უბნის სპეციალურ სიაში დაფიქსირდა ამომრჩეველი, რომელიც არ იყო არც აღნიშნული პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი და არც ხმის უფლების მქონე ბრალდებული/ მსჯავრდებული. აღნიშნული პირი ამავდროულად დაფიქსირდა დიდუბის N16.08.37 უბანზე.

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი აგრძელებს გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესზე დაკვირვებას.

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მიმდინარეობას საქართველოს 73-ვე საარჩევნო ოლქში 200 კაციანი სადამკვირვებლო მისიით აკვირდება და მოიცავს საუბნო, საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს. 

 

იხილეთ 14:30 სთ ბრიფინგი

 

8-10-2016