თბილისში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, პროექტის "სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება საარჩევნო პროცესებში" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც გაკეთდა პრეზენტაცია პროექტის მიღწევების შესახებ.
შეხვედრაზე შეფასდება პროექტის ძლიერი და სუსტი მხარეები და პროექტის განხორციელების შედეგად მიღწეული შედეგი. ღონისძიებაზე მოეწყო პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ფოტო-ვიდეო ჩვენება და კონკურსების შედეგად მიღებული სლოგანებისა და ფოტოების გამოფენა. შეხვედრის დასასრულს კონკურსებში გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები და სამახსოვრო პრიზები.
პროექტი "სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება საარჩევნო პროცესებში" განხორციელდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ 2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობის ხელშესაწყობად.
პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა თაობის ეთნიკური უმცირესობათა წარმომადგენელებისათვის განხორციელდა სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო - საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია ისეთ საკითხებზე როგორიცაა: არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობა, საარჩევნო უფლებების რეალიზების საკანონმდებლო მექანიზმები, არჩევნითი ინსტიტუტის კომპეტენციები, გენდერული ასპექტები და კენჭისყრის პროცედურები.
მომზადდა ვიდეო რგოლები (ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე), რომელიც განთავსდა რეგიონში არსებულ მედია საშუალებებში.
სოციალური ქსელების აქტიური გამოყენებით განხორციელდა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია "გადაწყვეტილება შენზეა 2016". მოეწყო სხვადასხვა სახის შემოქმედებითი კონკურსები (ვიდეო, სლოგანებისა და კითხვების კონკურსი).
აქტიურ მოქალაქეთა ჯგუფებმა გაავრცელეს სხვადასხვა საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალები: ბუკლეტი - სადაც მოცემულია ინფორმაცია აქტიურ მოქალაქეობაზე, არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე, საარჩევნო უფლებების რეალიზების საკანონმდებლო მექანიზმებსა და არჩევნითი ინსტიტუტის კომპეტენციებზე. ბროშურა - სადაც მოცემულია ინფორმაცია კენჭისყრის პროცედურებზე. აგრეთვე პლაკატი, სანიშნე და სხვა მასალები.
პროექტი განხორციელდა 7 აგვისტო - 7 ოქტომბრის პერიოდში, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით.
ინფორმაცია განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ განხორციელებული პროექტის "სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება საარჩევნო პროცესებში" შედეგებთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე
იხილეთ ღონისძიების ამსახველი ფოტო მასალა.