CDD-ის სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელი განცხადება

CDD-ის სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელი განცხადება 2016 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის შეფასებასთან დაკავშირებით.

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობას საქართველოს 50-ვე საარჩევნო ოლქში დააკვირდა. CDD-ს სადამკვირვებლო მისია 100 აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგებოდა, მათ შორის 10 მობილური ჯგუფი. დამკვირვებლები გადანაწილებულნი იყვნენ როგორც საუბნო, ისე საოლქო საარჩევნო კომისიებში და აკვირდებოდნენ კენჭისყრის დღის პროცედურებს, რაც მოიცავდა: უბნის გახსნას, კენჭისყრის პროცესს, უბნის დახურვასა და შედეგების შეჯამებას. 

 

CDD-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კენჭისყრის დღემ უმეტესწილად მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში ორგანიზებულად ჩაიარა. საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრა კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა. 

 

CDD-ს დამკვირვებლებმა არჩევნების დღეს დააფიქსირეს შემდეგი პროცედურული ხასიათის დარღვევები:

 

 

საარჩვნო უბნის გახსნა 

  1. რეგისტრატორის ბეჭდის ზედმეტობა - 1 შემთხვევა (ქუთაისი N47.59.28 საარჩევნო უბანი)
  2. ამომრჩეველთა გადასატანი ყუთის სიის არასათანადო წარმოება - (ზუგდიდის N65.67.16 უბანი)
  3. კომისიის თავმჯდომარის მხრიდან პარტიის წარმომადგნელის უფლების განხორციელების შეზღუდვა - 1 შემთხვევა (ბათუმის N69.79.01 საარჩევნო უბანი)
  4. საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსება – 4 შემთხვევა (ბათუმის N69.79.24; ქუთაისის N49.59.80; N49.59.86 და N49.59.93 საარჩევნო უბანი)
  5. კომისიის წევრმა უარი განაცხადა წილისყრით მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე - 1 შემთხვევა (ქუთაისის N49.59.96 საარჩევნო უბანზე).
  6. საარჩევნო უბანზე ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის ორი წარმომადგენლის ყოფნა - 1 შემთხვევა (ფოთის N61.60.41 საარჩევნო უბანზე);
  7. კომისიის წევრი საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში - რუსთავის N29.20.10 საარჩევნო უბანზე.

 

ხმის მიცემის პროცედურა:

  1. ამომრჩეველთა გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცედურის დარღვევა - 3 შემთხვევა (საგარეჯოს N23.11.43; N23.11.47  და ქუთაისის N47.49.09 უბანი)
  2. მედიის წარმომადგენლის მხრიდან ხმის მიცემის პროცესის ხელისშეშლა - 1 შემთხვევა (ქუთაისის N47.59.105 საარჩევნო უბანი)
  3. საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნა - 1 შემთხვევა (ახალციხის N44.37.28 საარჩევნო უბანი);
  4. ამომრჩეველთან ერთად საარჩევნო კაბინაში არაუფლებამოსილი პირის შესვლა - ზუგდიდი N66.67.61 საარჩევნო უბანი);
  5. მარკირების მქონე ამომრჩევლების გამოცხადება საარჩევნო უბნებზე - 6 შემთხვევა (ბათუმის N69.79.09, N69.79.30, N69.79.63; ზუგდიდის N65.67.09; სამგორის N11.06.20 და რუსთავის N30.20.37 საარჩევნო უბნებზე);
  6. საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება -  2 შემთხვევა (ბათუმის N68.79.41 და N70.79.17 უბნები).
  7. რეგისტრატორის მიერ დადგენილი პროცედურის არაჯეროვნად შესრულება - 3 შემთხვევა (ბათუმის N68.81.41; მცხეთის N37.27.12  და საგარეჯოს N23.11.37 საარჩევნო უბანზე)
  8. რუსთავის მაჟორიტარული ოლქის N29.20.03 საარჩევნო უბანზე გაურკვეველი პირის მითითებით, გაურკვეველი მიზეზით კომისიის თავმჯდომარემ კენჭისყრის პროცესი შეაჩერა და შენობა ჩაკეტა. ამომრჩევლები ვერ ახერხებდნენ კენჭისყრის შენობაში შესვლას. საფრთხე შეექმნა ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენას.

 

საარჩევნო უბნის დახურვა და კენჭისყრის შედეგების შეჯამება

 

20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დროულად დაიხურა. ამომრჩეველთა საშუალო აქტივობის გამო საარჩევნო უბნების უმეტესობამ დროულად განახორციელა ხმის დათვლის პროცედურა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება და საარჩევნო დოკუმენტაციის ოლქისათვის წარდგენა. თუმცა დაფიქსირდა მცირედი ხარვეზები, კერძოდ:

  1. კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდგომ კრწანისის N07.04.09 საარჩევნო უბნის კომისიის წევრმა დატოვა საარჩევნო უბანი;
  2. გორის N41.32.21 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის დროს გამოვლინდა საარჩევნო კონვერტში ერთიდაიმავე სახეობის ერთზე მეტი ბიულეტენები.
  3. ახალციხის N44.37.04 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესში იმყოფებოდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაცია „მწვანე დედამიწის“ ორი დამკვირვებელი.

 

სადამკვირვებლო მისია აგრძელებს კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით შემაჯამებელი ოქმების შევსების სისრულისა და სიზუსტის მონიტორინგს, რის თაობაზეც განცხადება/საჩივრები წარედგინება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

 

CDD-ის სადამკვირვებლო მისია სრულად დააკვირდა საქართველოს ტერიტორიაზე გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ 9-ვე საარჩევნო უბანს, სადაც ხმა მისცეს მაჟორიტარული წესით ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრებმა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ საარჩევნო უბნებს, სადაც მიმაგრებული იყო გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი და საქართველოს საარჩევნო კოდექსის 32-ე მუხლით პუნქტით გათვალისწინებული პირები. 

 

გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გახსილ N21.10.111 საარჩევნო უბანზე მაჟორიტარული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა ნაკლები იყო ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილ ამომრჩეველთა რაოდენობაზე.

 

კენჭისყრის პროცესი დროზე ადრე დასრულდა ისნის N9 და ბათუმის N3 პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ საარჩევნო უბნებზე. საიდანაც საარჩევნო დოკუმენტაცია კანონით დადგენილი წესით დასათვლელად გადაეცა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ - მიმაგრებულ საარჩევნო უბნებს. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი დანარჩენი საარჩევნო უბნებიდან ყველა საარჩევნო დოკუმენტაცია შესაბამისი პროცედურის დაცვით მიეწოდა მიმაგრებულ უბნებს, სადაც განხორციელდა შედეგების დათვლა და შეჯამება.

 

„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა ეგრეთ წოდებული "კოორდინატორების" მობილიზების შემთხვევები საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე (კრწანისის, ნაძალადევის, მარნეულის მაჟორიტარულ ოლქში შემავალ რიგ უბნებზე), რომლებიც "ჟურნალში" კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერების აღრიცხვას აწარმოებდნენ. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული ქმედება არ წარმოადენს მოქმედი საარჩევნო კოდექსის ნორმების დარღვევას, თუმცა წარმოადგენს მანკიერ პრაქტიკას,  და წარმოადგენს არაპირდაირი აგიტაციის განხორციელების საშუალებას, რაც ჩვენი შეხედულებით ზრდის საარჩევნო სუბიექტებს შორის პროვოცირებისა და დაპირისპირების რისკს.

 

მარნეულის N36.22.50 და გორის N42.32.45 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტებს, რომელსაც საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. თუმცა მსგავსი მოქმედებები აფერხებს საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ნორმალურ პირობებში მუშაობას, საფრთხეს უქმნის კენჭისყრის პროცესის კანონიერ და მშვიდ გარემოში ჩატარებას. ეს უკანასკნელი კი უარყოფითად მოქმედებს საარჩევნო გარემოზე და აზარალებს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ძალადობრივი ქმედებების ეფექტური გამოძიება, დროულად მოახდინონ ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება და მათთვის უმკაცრესი პასუხისმგებლობის დაკისრება.

 

CDD-ის ცხელი ხაზზე (790) 333 111 განხორციელდა 20-მდე სატელეფონო შეტყობინება კენჭისყრის პროცედურებისა და მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენმა დამკვირვებლებმა ადგილზე მოახდინეს შესაბამისი რეაგირება.

 

31-10-2016