საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია ბრიუსელში

პროექტის „საქართველო და ევროკავშირი“ ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია ბრიუსელს ეწვია. 8 ნოემბერს სასულიერო პირებმა შეხვედრები ნატოს სათაო ოფისში გამართეს. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ, სინოდის წევრებმა, სასულიერო პირებმა და საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკასა და მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

 

„პატრიარქი ამ ვიზიტს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ამ დელეგაციაში ძალიან მაღალი რანგის სასულიერო პირები არიან წარმოდგენილი. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ასეთი თბილი შეხვედრა, რომელიც მოგვიწყვეს. საკმაოდ ფართო და დიდი ინფორმაცია მოგვაწოდეს საქართველოსა და ნატოს ურთოერთობასთან დაკავშირებით. ხვალ კი, ალბათ მივიღებთ  უფრო მეტ ინფორმაციას სხვა ევროპული სტრუქტურებიდან,“ - განაცხადა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, საქართველოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე თეოდორემ.

 

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვერები გამართეს ალიანსის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებთან, ასევე, ეწვივნენ  საქართველოს მისიას ნატოში. ალიანსში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ სტუმრებთან ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა.

 

ვიზიტი პროექტის „საქართველო და ევროკავშირი“ ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ სასულიერო პირების ინფორმირება და ჩართულობის გაზრდაა.  დელეგაცია ბრიუსელს 7 ნოემბერს ეწვია, ვიზიტი 11 ნოემბერს დასრულდება.

 

პროექტს განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD), სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასა და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს.  პროექტის ფინანსური მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩო საქართველოში.

9-11-2016