თბილისის იუსტიციის სახლში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისის სხდომა გაიმართა

პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, რომელიც "საკანონმდებლო მაცნეში" მიმდინარე წლის 8 აგვისტოს გამოქვეყნდა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია ეროვნული უშიშროების საბჭოს ნაცვლად იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნა.


19 აგვისტოს თბილისის იუსტიციის სახლში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისმა კომისიამ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლის შემდეგ, განახლებული შემადგენლობით პირველი სხდომა გამართა. კომისიას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.

 

იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლის შემდეგ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობას ორი სამინისტრო, ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და ორი პოლიტიკური პარტია დაემატა. კომისიის მუშაობაში მონაწილეობს განვითარებისა და დემოკრაგიის ცენტრი.

 

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია განიხილავს საკითხებს, რომლებიც უკავშირდება საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებთან მიმართებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, აგრეთვე, დარღვევის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც უწყებათაშორის კომისიას აწვდიან პოლიტიკური გაერთიანებები (საარჩევნო სუბიექტები) ან დამკვირვებელი ორგანიზაციები. განხილვის შედეგად, კომისია გამოსცემს რეკომენდაციებს საჯარო მოსამსახურეებისა და საჯარო დაწესებულებების მიმართ.


საარჩევნო დარღვევების შესახებ, კომისიის სამდივნო ინფორმაციას მიიღებს შემდეგ ნომერზე - 599 85 00 11. ასევე მოქმედებს კომისიის ელექტრონული ფოსტა, რომლის მისამართია IATF@justice.gov.ge

19-08-2013