ბატონო პრეზიდენტო,
უპირველეს ყოვლისა, მივესალმებით თქვენ მიერ გამოხატულ ნებას, ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ცესკოს წარუდგინოთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებული კანდიდატი.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე არასამთავრობო ორგანიზაციებს გვსურს წარმოგიდგინოთ ქალბატონ თამარ ჟვანიას კანდიდატურა.
მოგახსენებთ, რომ ქალბატონი თამარ ჟვანია საარჩევნო სფეროში ჯერ კიდევ 2000 წლიდან მოღვაწეობს სამოქალაქო სექტორში. ქალბატონ ჟვანიას საარჩევნო კუთხით საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. 2004–2007 წლებში ის იყო ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი. ბოლო 5 წლის განმავლობაში ის გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს საარჩევნო მიმართულების ჯგუფის ლიდერი იყო და ხელმძღვანელობდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივ პროექტებს. საარჩევნო საკითხებზე მუშაობდა საზღვარგარეთაც; მათ შორის, საერთაშორისო პროგრამის მენეჯერად ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში (NDI). ქალბატონი თამარ ჟვანია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR), NDI-სა და ნორვეგიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის ეგიდით გახლდათ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენელი სხვადასხვა ქვეყნებში.
ქალბატონი თამარ ჟვანია „დემოკრატიის, მმართველობის და არჩევნების სფეროში რესურსების განვითარების“ (BRIDGE) პროგრამის სრულად აკრედიტებული ფასილიტატორია. მას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო ტრენინგებში, პროექტებსა და კვლევებში.
კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმად ქვემოთ ხელისმომწერმა ორგანიზაციებმა მხედველობაში მივიღეთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში საარჩევნო საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის სპეციფიკის კარგი ცოდნა, კანდიდატის არაპარტიული წარსული და პიროვნული ღირსებები, მათ შორის, პრინციპულობა და ობიექტურობა. წარმოდგენილ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ ქალბატონი თამარ ჟვანია სრულად აკმაყოფილებს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატისათვის დადგენილ კრიტერიუმებს. ამასთან, ჩვენ ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებას შეიძლება მოჰყვეს.
იმედს გამოვთქვამთ, რომ თქვენ მხარს დაუჭერთ წარმოდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციების არჩევანს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ქალბატონი თამარ ჟვანიას კანდიდატურას წარუდგენთ.
მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და მზადყოფნას გამოვთქვამთ შემდგომი კონსულტაციებისთვის.
ნინო ლომჯარია / სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ეკა გიგაური / საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
კახა კოჟორიძე / საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ვახუშტი მენაბდე / ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
ქეთევან ხუციშვილი / ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“
თამარ გაბისონია / კონსტიტუციის 42-ე მუხლი
არნოლდ სტეფანიანი / მრავალეროვანი საქართველო
ირინე ფუტკარაძე / კოალიცია „სამოქალაქო განვითარებისთვის“
ქეთევან ჩაჩავა / განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)
გიორგი ტუღუში / საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
თამილა ფერაძე / საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი
ალეკო ცქიტიშვილი / ადამიანის უფლებების ცენტრი
ალექსანდრე კალატოზიშვილი / სამოქალაქო განვითარების მულტიეთნიკური რესურს-ცენტრი
დანიელ დავითაშვილი / საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი