ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, არჩევნების საკითხებზე მომუშავე ძირითად ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი საარჩევნო ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პერმანენტული სამუშაო შეხვედრების საფუძველზე შემუშავდა, რომლებსაც საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) უწევს ორგანიზებას. IFES-ი უკვე ბოლო რამდენიმე საარჩევნო ციკლია რაც ფასილიტაციას უწევს მსგავსი მემორანდუმის გაფორმებას, რომელიც მიზნად ისახავს ადმინისტრაციული რესურსების შესახებ საარჩევნო კოდექსში არსებული მუხლების ერთგვაროვან განმარტებას. დოკუმენტში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსში არსებული ნორმების (45-ე, 48-ე, 49-ე მუხლები) განმარტებებია წარმოდგენილი. ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელისმომწერი მხარეები თანხმდებიან, რომ ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს სწორედ მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ, რითაც საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეებისთვის თანაბარ პირობებს უზრუნველყოფენ.
დოკუმენტს ხელს აწერენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, უწყებათაშორისი კომისიის, არასამთავრობო ორგანიზაციების: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის, განვიტარებისა და დემოკრატიის ცენტრის და „ახალი თაობა - ახალი ინიციატივის“ ხელმძღვანელი პირები. მემორანუდმს წელს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც შემოუერთდნენ, რომლებიც ასევე თანხმდებიან იხელმძღვანელონ მემორანდუმში გაწერილი განმარტებებით. ურთიერთთანამშრომლობის ამგვარი დოკუმენტი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან მიმართებით გაფორმდა 2008, 2010 და 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდშიც.