CDD-ის სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელი განცხადება

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა (CDD) გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ქალაქ ოზურგეთის, ოზურგეთის, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2016 წლის 22 მაისის შუალედური არჩევნების მონიტორინგი განახორციელა. CDD-ს სადამკვირვებლო მისია 20 აკრედიტირებული და ტრენინგ გავლილი დამკვირვებლისგან შედგებოდა.  დამკვირვებლები გადანაწილებულნი იყვნენ როგორც საუბნო, ისე საოლქო საარჩევნო კომისიებში და აკვირდებოდნენ კენჭისყრის დღის პროცედურებს, რაც მოიცავდა: უბნის გახსნას, კენჭისყრის პროცესს, უბნის დახურვასა და შედეგების შეჯამებას.

 

CDD-ის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კენჭისყრის დღემ უმეტესწილად მშვიდ გარემოში ჩაიარა. საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრა კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა. 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დროულად დაიხურა. ამომრჩეველთა საშუალოზე მაღალი აქტივობის მიუხედავად საარჩევნო უბნებმა დროულად განახორციელეს ხმის დათვლის პროცედურა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება და საარჩევნო დოკუმენტაციის ოლქისათვის წარდგენა.

 

CDD-ის დამკვირვებლებმა არჩევნების დღეს დააფიქსირეს შემდეგი პროცედურული ხასიათის დარღვევები:

 

საარჩევნო უბნის გახსნა და ხმის მიცემის პროცედურა: საარჩევნო უბნის დაგვიანებით გახსნა; საკონტროლო ფურცლის ხარვეზებით შევსება; ამომრჩევლის ერთიანი სიიდან გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში გადაყვანის პორცედურის დარღვევა; საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება; საჭირო დოკუმენტის გარეშე ხმის მიცემა; არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნა; საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე აგიტაცია და ხმის მიცემის პროცედურის სხვადასხვა სახის დარღვევები.

 

აგრეთვე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც რეგისტრატორებს რამოდენიმეჯერ გამორჩათ სათანადო გრაფაში ხელმოწერა, აგრეთვე ამომრჩევლის მიერ ბიულეტენების მიღების ხელმოწერით დამოწმება, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ამომრჩეველთა რეგისტრატორის მიერ კენჭისყრის პროცედურის არასათანადოდ შესრულებით.

 

საარჩევნო უბნის დახურვა და კენჭისყრის შედეგების შეჯამება: ბიულეტენების თვლის პროცედურის წესების დარღვევა; დოკუმენტაციის არასათანადო დალუქვა; შემაჯამებელი ოქმის არასრულფასოვნად შევსება; შემაჯამებელ ოქმში საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის (მიცემულ ხმათა რაოდენობისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი) და კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას შორის შეუსაბამობა.

 

 

საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ საარჩევნო დოკუმენტაციის საარჩევნო ოლქში წარდგენის დროს სათანადო წესით არ იყო დალუქული რიგი საარჩევნო დოკუმენტაცია, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს საარჩევნო პროცედურების განხორცილების კუთხით და საფრთხეს უქმნის კენჭისყრის შედეგების ნამდვილობას.

 

სამწუხაროდ, კვლავაც გრძელდება პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერების მობილიზების მანკიერი პრაქტიკა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული ტიპის მობილიზაცია იწვევს დაძაბულობას და ზრდის საარჩევნო სუბიექტებს შორის პროვოცირებისა და დაპირისპირების რისკს. რისი მაგალითიც იყო ზუგდიდის N53 და წყალტუბოს N50 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტებიმსგავსი ფაქტები ფსიქოლოგიურ და მორალურ ზეწოლას ახდენს ამომრჩევლის ნებაზე და ზღუდავს არჩევანის თავისუფლებას. ეს უკანასკნელი კი უარყოფითად მოქმედებს საარჩევნო გარემოზე და აზარალებს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს. აღნიშნულთან დაკავშრებით განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა მოუწოდა არჩევნებში ჩართულ მხარეებს შეენარჩუნებინათ სიმშვიდე და მიეცათ საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ნორმალურ პირობებში მუშაობის შესაძლებლობა, კანონიერი შედეგების უზრუნველსაყოფად.

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ძალადობრივი ქმედებების ეფექტური გამოძიება, დროულად მოახდინონ ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება და მათთვის უმკაცრესი პასუხისმგებლობის დაკისრება. ეს უკანასკნელი კი მეტად მნიშვნელოვანია მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის მსგავსი ინციდენტების პრევენციისა და დაუსჯელობის განცდის უგულებელსაყოფად.

 

აგრეთვე უნდა აღინიშნოს საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების მიერ მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევები, რაც გამოწვეული იყო პროცედურების არასათანადო ცოდნით. საშუალოზე მაღალი იყო რაოდენობა იმ კომისიის წევრებისა ვინც ვერ გაიარეს ტრენინგები (87 კომისიის წევრმა ვერ გაიარა ტრენინგი; დასწრების კოეფიციენტი - 85%.) აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგებზე დასწრების ვალდებულების შემოღება. ასევე, პოლიტიკური პარტიების მიერ კომისიის წევრთა გამოწვევის ვადების შეზღუდვა და არსებული ვადების გაზრდა, რათა მოხერხდეს კომისიის წევრთა სათანადო მომზადების უზრუნველყოფა. ეს უკანასკნელი კი შეამცირებს პროცედურის არცოდნით გამოწვეული დარღვევების რაოდენობას არჩევნებზე.

 

"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით 2016 წლის 22 მაისს გამართულ გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ქალაქ ოზურგეთის, ოზურგეთის, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე, კენჭისყრის პროცესმა მეტწილად ორგანიზებულად, პროცედურების დაცვით ჩაიარა.

23-05-2016